ge
„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

სიახლეები
26, თებერვალი, 2025

„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტური კომპლექსი“ ჰოლდინგმა კატეგორიაში „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ გაიმარჯვა.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში წელს მეშვიდედ გაიმართა. ჯილდო განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტაში“ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების პარალელურად, მივყვეთ ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში და დავნერგოთ ისინი ჩვენს ბიზნესსაქმიანობაში. სწორედ ამიტომ ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. „თეგეტასა“ და „ვოლვოს“ მულტიფუნქციური კომპლექსი სწორედ თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვასა და, შესაბამისად, მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შედეგად ის სრულად ეპასუხება გარემოსდაცვით გამოწვევებს და აერთიანებს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ელექტრიფიკაცია, ენეგოეფექტურობა და სამშენებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობა. 

მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ეს არის მორიგი აღიარება და დასტური, რომ სწორი მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“.

„თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე „თეგეტა მოტორსისა“ და  „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრებს აერთიანებს. მულტიფუნქციურ კომპლექსში დამონტაჟებულია 762 ერთეული მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ელექტროდამტენი. შენობებში გამოყენებულია ენერგო- და რესურსეფექტიანი პროდუქცია. ობიექტზე დანერგილია სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენ თანმიმდევრული, კომპლექსური და თვალსაჩინო მიდგომა გვაქვს, რაც არაერთხელ დამტკიცდა ამ წლების განმავლობაში. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ვფიქრობ, ნათლად ცხადყოფს ჩვენს ძალისხმევას. ჯილდო თვითმიზანი არ არის, თუმცა არის დასტური, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის აღიარება კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი ინოვაციური ხედვა“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში აქტიურად მოიხმარს  განახლებად ენერგიას. საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებით კომპანია ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.